19 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს და როგორ უპასუხებს დასავლეთი მას - საუბრები ბირთვული საფრთხეზე აქტიურდება

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ ბირთვული მატარებლის გაგზავნის ბრძანება გასცა. "თაიმსის" ინფორმაციით, უკრაინის საზღვრისკენ მიმავალი ბირთვული მატარებელი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში შენიშნეს.

გამოცემის ცნობით, მატარებელი, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე. "თაიმსი" წყაროზე დაყრდნობით წერს რომ პუტინი მზადაა, ვითარების ესკალაციისთვის მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს.

ბირთვული მატარებელი ერთადერთი საფრთხე არ არის, რაზეც საერთაშორისო პრესა წერს. დასავლეთისთვის კიდევ ერთი თავსატეხი ბაზირების ადგილიდან გაუჩინარებული ატომური წყალქვეშა ნავი ბელგოროდია, რომელიც ამერიკული დაზვერვის ვარაუდით რუსეთის მიერ შექმნილი ბირთვული იარაღის - "პოსეიდონის" ტორპედოს გამოსაცდელად გავიდა. წყაროს ცნობით, საფრთხეზე ნატომ მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

"პოსეიდონს" შეუძლია მიაღწიოს ზღვის ფსკერს, აფეთქდეს სანაპირო ზოლთან და ტერიტორია რადიაქტიური ცუნამით დაფაროს. ე.წ ცუნამის ბირთვული ტორპედო გასაიდუმლოებული იარაღია, რომლის გამოცდაც ამ დრომდე არ მომხდარა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 24-მეტრიანი აპარატი აღჭურვილია ბირთვული ქობინით, რომელის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი სიმძლავრე ჰიროსიმას ბომბზე 100-ჯერ მეტია და თავისუფლად შეუძლია სანაპირო ქალაქების დატბორვა.

"პოსეიდონს" 1000 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და 10 ათას კილომეტრზე მეტის დაფარვა შეუძლია, მისი შემჩნევა დრონებით შეუძლებელია. ბირთვული იარაღის გამოყენებით ბოლო პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი რამდენჯერმე დაიმუქრა. მუქარას კატეგორიული ტონით პასუხობენ ნატოსა და ევროკავშირში.

პუტინის რიტორიკას ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, უპასუხისმგებლოს უწოდებენ პენტაგონშიც.

მიმდინარე მოვლენების გამო, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატო მოკავშირეებს აიძულებს, ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების დაგეგმვის კონცეფციას გადახედონ.

დღის ამბები