პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის შემდეგ, დღეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალური სამიტის ფარგლებში ხვდებიან. მთავარი თემები უკრაინა და ენერგეტიკაა. ის, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების იდეა წარმატებული იყო, შეხვედრების შემდეგ, არაერთმა ლიდერმა დაადასტურა.
ქართული დელეგაციაც აცხადებს, რომ საქართველოსთვის ამ ფორმატის გამოყენება და სამიტში მონაწილეობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეაფასა პრემიერის ორმხრივი შეხვედრები და დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალური შეხვედრა შარლ მიშელთანაც ჰქონდა.
"პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის მთავრი თემა იყო რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტთან იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დინამიკაზე, იმ ძირითად ფოკუსზე, რომელიც ხელისუფლებას, მმართველ გუნდს აქვს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში," - განაცხადა დარჩიაშვილმა.