20 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
თბილისში საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ - მონაწილეებს სიტყვით ეკონომიკის მინისტრმა მიმართა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი)" საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
უეყების ცნობით, ვიცე-პრემიერის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.
 
"2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნული გაერთიანება, ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს და აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.
დღის ამბები