24 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ტერორიზმის სპონსორი რუსეთი და მისი მხარდამჭერი ბელარუსი, ევროპა საერთაშორისო ტრიბუნალზე ლუკაშენკოს პუტინის გვერდით ხედავს - ევროპარლამენტის ორი რეზოლუცია

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა ლუკაშენკოს მთავრობას შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. ბელარუსის რეჟიმმა მოსკოვთან ერთად პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე - ამ შინაარსიის რეზოლუციას ევროპარლამენტმა კენჭი უკვე უყარა. ევროპა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მეტ სანქციას მოითხოვს. დოკუმენტში, რეჟიმი,  უკრაინაზე თავდასხმასა და აგრესორის ღია მხარდაჭერაში ღიად არის ბრალდებული.

"მკვლელი, მოღალატე, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი და პუტინის ქირურგი" - ამ სიტყვებით ევროპარლამენტში ლუკაშენკოს უკვე ხშირად მოიხსენიებენ. რეზოლუციაში კი, რომელიც ევროპელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს, მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ლუკაშენკო საერთაშორისო ტრიბუნალისა და სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშეა პასუხისმგებელი.

ლუკაშენკოს დანაშაულის გარდა, ევროპარლამენტმა კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელიც თავისი შინაარსით უპრეცედენტოა. რუსეთი ევროპარლამენტარებმა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარეს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის იზოლაციას უფრო გააფართოვებს. სანქციები შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთთან აკრძალულ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

რეზოლუციაში აღწერილი დანაშაული საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილ სამხედრო აგრესიასაც მოიცავს. დოკუმენტში მოხსენიებულია ვაგნერის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე, მათ შორის 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს. კრემლის რეჟიმის მსხვერპლთა შორის დასახელებულია გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე - ზელიმხან ხანგოშვილიც. დასავლეთი ახლა რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს.

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთი ევროპარლამენტამდე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ და ამერიკელმა კანონმდებლებმა ცნეს. ამ დრომდე ვაშინგტონმა მხოლოდ ოთხ ქვეყანას მიანიჭა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნის სტატუსი - ირანს, სირიას, ჩრდილოეთი კორეასა და კუბას. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა აქვს, რისი გამოყენებაც ეფექტურად არის შესაძლებელი. რეზოლუციით, საფუძველი მზადება, რომ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ.


 

დღის ამბები