16 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან - ოპოზიციის ნაწილი საპატრიარქოს წარმომადგენლის რიტორიკას გმობს

ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარ სასტიკ დანაშაულს საპატრიარქო ოფიციალური წერილით გამოეხმაურა. სამოციქულო ეკლესიამ ფაქტი დაგმო, მედიის მხრიდან მის გაშუქებას კი ცინიკური უწოდა.

შეფასებაში უფრო მკაცრი იყო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ სოციალურ ქსელში, ძალადობის სტიმულირება მისი თქმით, ფსევდოლიბერალურ დისკურსს დაუკავშირა. რომელიც, ჯაღმაიძის აზრით, ოპოზიციისა და მედიის ნაწილისგან მოდის.

დეკანოზის პოზიციას მალევე გამოეხმაურა ოპოზიციისა და სამოქალქო სექტორის ნაწილი. შუღლის გაღვივება, ძალადობის წახალისება და რუსულ სპეცსამსახურებთან კოლაბორაცია - ასეთია ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია, რომლებმაც ახალი გაერთიანების სახელით დღეს წერილობითი განცხადებაც გაავრცელეს.

უფრო რადიკალური იყო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი - ნოდარ რუხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში საპატრიარქოზე ღიად დაწერა რომ "გადასაბუგია ეს კაგებეშნიკური ინსტიტუტი". სამოციქულო ეკლესია სპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა ხათუნა სამნიძემ.

საპატრიარქოს ყველა წარმომადგენლის საერთო სიბრტყეზე განთავსებას არ იზიარებს ოპოზიციის მეორე ნაწილი. პოლიტიკოსების აზრით, საპატრიარქოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, თუმცა ეს სამოციქულო ეკლესიის ყველა მსახურს არ ეხება.

ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების რიტორიკას ანტიეროვნულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეკლესიის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას საზოგადოება ადეკვატურად აღიქვამს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემზარავი დანაშაულს მძიმე შეფასებები მოჰყვა საპატრიარქოს მხრიდან, რომლის საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ფაქტს საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია უწოდა, - "სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა, არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან" - წერს ანდრია ჯაღმაიძე

დღის ამბები