"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს უმრავლესობაში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პარტიის დაპირისპირებული გუნდები ამჟამად ძალაუფლების გაყოფით არიან დაკავებული და ისინი სააკაშვილის მდგომარეობის გამოყენებას მისი მომხრეების გადასაბირებლად ცდილობენ.
"ნაციონალური მოძრაობის შიგნით, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი დაკავებულია ძალაუფლების და პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფით, შესაბამისად, სააკაშვილთან მიმართებაში ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ უფრო პათეტიურად დაიცავს მათი პარტიის ყოფილ ლიდერს. სინამდვილეში მათ აინტერესებთ ერთადერთი, რომ თავის ამომრჩევლებს როგორმე დაუმტკიცონ, რომ ამ ან სხვა ადამიანს შეუძლია იყოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობის მოზიდვა სურთ.
"ახლა მათ გასაყოფი აქვთ სააკაშვილის მომხრეების კეთილგანწყობა და ამიტომ, ხან ერთი ეხმაურება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვითომ მის დასაცავად რაღაც ნაბიჯებს დგამს და ხან მეორე." - აცხადებს ბექა დავითულიანი.