19 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
თბილისისა და კიევისთვის NATO-ს კარი ღიაა - მხარდამჭერი გზავნილები საქართველომ ამჯერადაც ბუქარესტიდან მიიღო

თბილისისა და კიევისთვის ნატო-ს კარი ღიაა. გზავნილი თბილისმა ამჯერადაც ბუქარესტიდან მიიღო.

"ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ," - ნათქვამია ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

"დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ნატო აძლიერებს თავის მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მედეგობის გასაძლიერებლად," - აღნიშნულია ტექსტში.

დღესვე ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო უწყების წარმომადგენლები ალიანსის წევრებთან ერთად, ბუქარესტში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრებიან. თბილისის დროით პირველ საათზე გაიხსნება სესია, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. მინისტერიალის ფარგლებში, ბუქარესტში მყოფ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ ამბობს, რომ ქვეყანა ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც წერია რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრი ქვეყნები.

"რუმინეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მეორე სესია რუმინეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შეხვედრას ჩვენი პარტნიორები დასავლეთ ბალკანეთიდან და შავი ზღვიდან დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წინ წამოვწევთ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელობას, ალიანსის უსაფრთხოებას. ველოდები შედეგებს. ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებულ დაპირებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ აქვს. ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილი ვართ საქართველოსა და ქართველების მიმართ. ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. რუმინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ერთგული ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მიმართ, სადაც ნათქვამია რომ საქართველო და უკრაინა, ორივე გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო, როცა შესაბამისი პირობებს დააკმაყოფილებენ. ჩვენ მათ ამ მიზანს მხარს ვუჭერთ. სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა," - აცხადებს აურესკუ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი აღნიშნავს, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას.

"ლატვია მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას როგორც ევროკავშირში,ისე ნატოში. გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველას გაახსენდა, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცათ ნატო-ს წევრობის დაპირება. ახლა კითხვა არის, რა სახის პოლიტიკურ გეგმას ვსახავთ ამ დაპირების განსახორციელებლად, რომელიც გაიცა აქ, ბუქარესტში, 14 წლის წინ. მთავარი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის იქნება, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ სტაბილურობის გაძლიერებაში, რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული," - ამბობს რინკევიჩსი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ თქვა, რომ ჩეხეთი ემხრობა ნატო-ს გაფართოებას.

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უნდა ვიმუშაოთ ნატო-ს გაფართოებაზე. რა თქმა უნდა ეს მარტივი ამოცანა არ არის, თუმცა უნდა გავიმეოროთ, რომ ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია. გუშინ გვქონდა არაფორმალური შეხვედრა დმიტრო კულებასთან. გზავნილი იყო იგივე. რა თქმა უნდა, ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას ყველა ამ ქვეყნისთვის," - განაცხადა ლიპავსკიმ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ, ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების დაკეტვისკენ მოუწოდა.

"მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ. ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კიდევ ერთი წინაპირობა არის ის, რომ ქვეყნები რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები. ასევე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები, რომლებისთვისაც ამ ომის შედეგი არის ეგზისტენციალური საკითხი, ვიყოთ სასანქციო პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის მიმართ პოლიტიკური მიდგომის სრულ შესაბამისობაში. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დახურონ საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის," - თქვა რეინსალუმ.

დღის ამბები