20 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი სივრცეები, გალერეა - წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა იწყება

საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი სივრცეები, გალერეა-ეს წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტია. წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატულ მეტრი ფართის სრულად ათვისება იგეგმება. ქართული კულტურის საპრეზენტაციო ადგილის მთავარი დატვირთვა მრავალათასიანი ისტორიის წარმოჩენაა. ცენტრის ვიზიტორებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელი იქნება საერო და საეკლესიო ცხოვრების მნიშვნელოვანი ფრაგმენტების გაცნობა. 

ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობაზე გათვალისწინებული იქნება ბუნებრივი გარემო, კლიმატი და ისტორიული კონტექსტი. მოეწყობა საფეხმავლო გზა მდინარე იორდანემდე. პროექტი "ნიუ სითი კაპიტალმა” მოამზადა. აქტიტექტორული ჯგუფი ახლა იმაზე ზრუნავს პროექტი საესკიზო ნამუშევრის მსგავსად გარემოსთან მაქსიმალურად ადაბტირებული გამოვიდეს. სპეციალისტებმა შეისწავლეს ანალოგებიც და ამ მშენებლობაზე საუკუნოვანი გამოცდილების გამოყენებას აპირებენ, მათ შორის დავით გარეჯის.

წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის პროექტის დეტალებზე პრემიერ - მინისტრი დღეს პატრიარქს ესაუბრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაურს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრემიერი ამბობს, რომ შესაბამისი ნებართვის მიღებისთანავე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

საქართველოსთვის მიწის გადმოცემას წინ თითქმის 2 წლიანი მოლაპარაკება უძღოდა. ამ პროცესში პრემიერთან ერთად, მისი გუნდის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველო წმინდა მიწას 300 წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა. ისტორიულ ფაქტს მთავრობის მეთაური იორდანიის პრინცთან ერთად დაესწრო. იმავე დღეს პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც მისი და საქართველოს პატრიარქის ხელმოწერებია.

 

 

 

დღის ამბები