20 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას მიერ დაანონსებული შეკრება იწყება- დაესწრებიან თუ არა ენმ-ის თავმჯდომარის კანდიდატები სხდომას და რას ამბობენ პარტიაში

 "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიას მიერ დაანონსებული შეკრება იწყება. საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის 9 დეკემბერს დანიშნული სასამართლო პროცესი იქნება, სადაც განიხილება ადვოკატების შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების შესახებ. ნიკა მელიამ თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატსა და პარტიის სხვა წევრებს შეხვედრაზე დასწრებისაკენ მოუწოდა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აცხადებს, რომ " "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს, შეუძლებელიც კი, ექსპრეზიდენტის გადასარჩენად. 

ანა წითლიძე თანაპარტიელებს საჯარო განცხადებებსაც უწუნებს და ამბობს, რომ პრეტენზიები ენმ-ის თავმჯდომარის მიმართ საჯარო ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს. 

"მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს, მაგრამ თუ ეს იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება, ყველა ვხვდებით და ვიაზრებთ, რომ ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდება, როგორც ახლა არის. პარტიას მოუწევს რამდენიმე სტრატეგიაზე მუშაობა. თუ სასამართლო მიღების იმ გადაწყვეტილებას, რომ გაწირავს სააკაშვილს სიკვდილისთვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გააკეთოს ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე. არ ვიზიარებდი, როგორი პრეტენზიებიც არ უნდა ყოფილიყო მოქმედი თავმჯდომარის მიმართ, ამ ყველაფრის საჯარო ფორმით დაწყებას და ახლაც არ ვთვლი, რომ ამ მიმართულებით კარგად გამოვიყურებით,"-აცხადებს ანა წითლიძე. 

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი აცხადებს, რომ პარტია ყველა სცენარისთვის უნდა იყოს მზად. 

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, როდესაც სამდივნო სხდომა ინიშნება მასზე დასწრების ვალდებულება ყველა თანაპარტიელს აქვს.  

"დღეს დანიშნულია სამდივნოს და ფრაქციის სხდომა, როდესაც ასეთი სხდომა ინიშნება ვალდებულები ვარ,  რომ ყველანი მოვიდეთ. ხოლო თხოვნა ალბათ მიმართული იყო კონკურენტებისადმი, ზოგიერთი ჯერ პარტიის წევრებიც არ არიან და ბუნებრივია, ამ ფორმატში ისინი არ მონაწილეობდნენ და ეს არის მოწვევა. ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ნაცმოძრაობისთვის" ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და მისი ჯანმრთელობა, რომ მთავარია ამას ადასტურებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველიც. 

"რა თქმა უნდა, მთავარი და პირველი საკითხი დრეს ნაციონალური მოძრაობისთვის უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი და მისი გადარჩენა,"-აცხადებს გიორგი ბოტკოველი. 

დღის ამბები