27 იანვარი 2023,   09:32
ვრცლად
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება- პაკეტი გუშინ დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეტალურად განიხილეს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება. პაკეტი გუშინ დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეტალურად განიხილეს. პროცესში მმართველ პარტიასთან ერთად მონაწილეობდა ოპოზიციის ფართო სპექტრიც, რომელთა შეფასებითაც, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა არასრული არსებულ მოთხოვნებთან. კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფმა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინებით იმუშავა და როგორც ცნობილია თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი განცხადებით, იგი არ აკნინებს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ამ რეფორმას თან ახლავს და ამბობს იმასაც, რომ ეს ცვლილებები არ არის სრული და არ არის ყოვლის მომცველი.

"ცალსახად ავღნიშნავ, რომ არ მინდა დავაკნინო ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც ამ საკანონმდებლო რეფორმას ახლავს თან. მაგრამ ეს ცვლილებები არ არის სრული და არ არის ყოვლის მომცველი, შესაბამისად ეს არ არის ცვლილებები, რომლიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში სამართლიან და დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს. შესაბამისად მთელი რიგი რეკომენდაციები და შენიშვნები, მათ შორის პოზიტიურ და კრიტიკულ ნაწილში, რომ რომელიც აქვს ეუთო/ოდირს ემთხვევა იმ რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რომელიც ჰქონდა ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას, პირველ და მეორე მოსმენაზეც,"-აცხადებს ანა წითლიძე. 

რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით- საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ კომიტეტის მუშაობის შედეგად მოხდა პოზიციების შეჯერება. 

"კომიტეტის მუშაობის შედეგად, ჩვენი პოზიციები უფრო დაახლოვდა, რამდენიმე სადაო საკითხი შევათანხმეთ და სესიაზე, რომ გავა ეს საკითხი, თუ იქ რაიმე არაპროგნოზირებადი არ მოხდება  ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს პოზიტიურად შეფასდება,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები