25 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
ლაფანყურში, ადგილობრივი მოსახლეობა ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

მორიგი პროტესტი ლაფანყურში. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის შესასვლელში მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ და კომპანიის ტექნიკას ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

"ართაბა ლოპოტა -1"-ის 5.9 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ლაფანყურის მოსახლეობა დიდი ხანია ეწინააღმდეგება. მათი თქმით, მდინარე ლოპოტა რამდენიმე კილომეტრზე მილებში მოექცევა, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე გეოლოგიასა და არქეოლოგიაზე. ასევე, არ იქნება სასმელი და სარწყავი წყალი. მათივე თქმით, კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების კვლევები. 

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსგან შესაბამისი ნებართვა აქვთ და ჰესის მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ამბობენ, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და ჰესის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. 

სოფელ ლაფანყურში ჰესის მშენებლობა  ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა. 

დღის ამბები