07 თებერვალი 2023,   10:16
ვრცლად
ოკუპანტების იერიში, დაღუპულები და დაშავებულები - ვითარებაა უკრაინაში ომის 289-ე დღეს

ხერსონის დეოკუპაციიდან დღემდე ქალაქზე საოკუპაციო ძალის იერიში არ წყდება. 3 დაღუპული და 7 დაშავებული - ასეთი შედეგით დასრულდა ღამის იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსულმა არმიამ მშვიდობიან მოსახლეობას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები დაუპირისპირა.

მსხვერპლია დონეცკის ოლქშიც. ქალაქ ტორეცკზე საჰაერო იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 2. სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო 4 მშვიდობიანმა ხარკოვში. ოკუპანტების ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსხვერპლის შესახებ მონაცემები ზუსტდება ბახმუტში.

მასშტაბური სარაკეტო შეტევა არ წყდება სუმის ოლქზე. სასაზღვრო დასახლებების მისამართით საოკუპაციო ძალამ 55 ჭურვი ისროლა. მტერი უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ რამდენიმე დასახლებიდან უკუაგდეს, მაგრამ ზონაში შესვლა დატოვებული ნაღმების გამო ვერ ხერხდება.

დიდი დანაკარგი აქვს საოკუპაციო ძალას ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, წერტილოვანი საავიაციო დარტყმების შედეგად მოწინააღმდეგემ 240 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საცავი, 20 ერთეული ტანკი და ჯავშანმანქანა.

ორმხრივი ინტენსიური ცეცხლი არ წყდება ლუჰანსკის ოლქში. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ, თუმცა დეტალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. სერგეი გაიდაი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ახალ წლამდე ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იქნება.

ამოცანის გასამარტივებლად და მოსალოდნელი, უფრო მასშტაბური საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უკრაინა შეერთებულ შტატებს კასეტურ ბომბებს სთხოვს. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ეჭვობენ, რომ ბელარუსში მიმდინარე წვრთნებისთვის მობილიზებული კონტინგენტი, შესაძლოა შეტევაზე მალე გადმოვიდეს, მისი შეკავება კი მხოლოდ ამ იარაღით არის შესაძლებელი. ოფიციალურ ვაშინგტონს თანხმობა ჯერჯერობით არ განუცხადებია, მაგრამ არც უარი უთქვამს.

დღის ამბები