02 მაისი 2024,   17:49
ვრცლად
საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 40 მილიონი დოლარი მიიღო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გახდა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა სახელმწიფო საწარმოთა მმართველობითი რეფორმის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ფონდის შეფასებით, 2022 წელი 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით სრულდება. საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა ჯერჯერობით მაღალი სასაქონლო ფასებისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება.

ფონდის შეფასებით, განათლების რეფორმის და სასწავლო პროგრამების მიმართულებით ხელისუფლების გეგმა შეამცირებს უმუშევრობას და გაზრდის ინკლუზიურობას. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ გამოყოფილ თანხაზე ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო სარეიტინგო და საფინანსო ინსტიტუტებისთვის პოზიტიური სიგნალია.

სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას ეფექტურად განაგრძობს. ფონდის საქმიანობას აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი.

ანალიტიკოსების შეფასებით სტაბილიზაციისთვის განკუთვნილი კრედიტი, ქვეყანაში არსებული წარმატებული ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე დამტკიცდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ფონდის გადაწყვეტილება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყენოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში მზარდია ფინანსური შემოდინებები და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობა. ექსპერტების პროგნოზით ამ ფონზე მიმდინარე წელი ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლით დასრულდება.

დღის ამბები