28 მარტი 2023,   06:23
ვრცლად
"ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შეფასების" - მარიამ ჯიშკარიანი

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ცენტრ "ემპათიას" დასკვნასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და თავად ცენტრი ეხმაურება. მათი განმარტებით, თუ დასკვნა მოსამართლემ გაიზიარა არ გამორიცხავენ, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართონ.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მის მიერ გაკეთებული დასკვნები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებთან.

"ჩვენ არანაირი დასამტკიცებელი არაფერი არ გაგვაჩნია, ფაქტია, რომ რაც ჩატარდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ. სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა, ამას ვნახავთ და სტრასბურგიც იხილავს. ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შეფასების," - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ თუკი ეს დასკვნა მოსამართლემ გაიზიარა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთმევა. 

"თუ ეს მოსამართლემ გაიზიარა და დაუშვა, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა. რამდენიმე მუხლის დარღვევაზეა აქ საუბარი. მე მგონი, ის მომენტი დადგა, როდესაც საერთოდ დავანებოთ თავი ქართულ სასამართლოს და პირდაპირ წავიდეთ სტრასბურგის სასამართლოში. თუ ეს მოსამართლემ მიიღო, მაშინ ორკესტრირებულად ჩართულია ამაში სახელისუფლებო სტრუქტურები," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. 

 

 

 

დღის ამბები