



რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსულ ოკუპაციას, მცოცავ ანექსიას, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს. სტრასბურგში ასევე განიხილეს 2022 წლის იანვარი-დეკემბერის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგის და მიღწეული პროგრესის ანგარიში.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გადადგა. სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
"ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.
საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია.
ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაო მოიცავს:
საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა; შრომის ახალი კოდექსის მიღება; გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა; მოხდა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება.
ახლა ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე, ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით.
სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, აღდგა შეჯიბრებითობა და დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა. აღნიშნული შედეგები გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო 10 წლის წინ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.