



არანაირი რეორგანიზაცია და ცვლილებები პარტიას ვერ უშველის - უმრავლესობა "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტიის მთავარი ხაზი ძალადობაა, რაც საბოლოოდ მას დაშლისკენ მიიყვანს. მათივე განმარტებით ენმ-ში არსებული დაპირისპირება და შეუთანხმებლობა პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც საბოლოოდ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე დადებითად აისახება.
"ძალადობა, რევოლუცია, დამხობა, პარლამენტში შემოვარდნა, ცემა-ტყეპა, უბედურება, ეს არის სააკაშვილის ხელწერა დამკვიდრებული "ნაციონალურ მოძრაობაში". როგორც ჩანს მათი გზა ხელისუფლების სადავეებთან გადის მხოლოდ ძალადობაზე. ეს გზა მიიყვანს საბოლოო დაშლისკენ მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.
ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, "ნაცმოძრაობამ" გამოათავისუფლოს ოპოზიციური ფლანგი.
"მსგავსი დაპირისპირება და ურთიერთ შეუთანხმებლობა ისევ გაგრძელდება, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დაასუსტებს ერთიან "ნაციონალურ მოძრობას" და გამოათავისუფლებს ოპოზიციურ ფლანგს, სხვა ოპოზიციური პარტიებისათვის, რომელთა გაძლიერებას მივესალმები და რომელიც საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი.