24 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილი დატოვებენ თუ არა საპარლამენტო მანდატებს

მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ დრომდე არ აქვთ გადაწყვეტილი დატოვებენ თუ არა საპარლამენტო მანდატებს. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით პარტია პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას. ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მომავალი; ვინც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული ქვეყანა, - უნდა დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი და გადავარჩინოთ ქვეყანა," - განაცხადა ბოტკოველმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტია გამოიყენებს ყველა ბერკეტს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა გულისხმობს რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არც სესიაში, არც კომიტეტებზე. რა თქმა უნდა, მათ შორის განიხილება მანდატების დატოვებაც. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივს, მათ შორის საპარლამენტოს, მათ შორის ქუჩის აქციებს, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება," - თქვა წითლიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი თვლის, რომ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს.

"თქვენ ნახეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა, მანდატების დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ მანდატების საკითხიც უნდა დადგეს დღის წესრიგში, ქუჩის საპროტესტო აქტივობებთან ერთად, ორივე ეს, მანდატების დატოვების საკითხი - პოლიტიკური ნაბიჯი, ასევე პოლიტიკური ნაბიჯი, უბრალოდ ქუჩის აქტივობები, ეს ორივე ერთად თანხვედრაში მოგვიტანს შედეგს," - ამბობს მინაშვილი.

დღის ამბები