20 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
ყველა პარტია, რომელიც მერაბიშვილის ენმ-ს მიღმა არის, არის ასევე ენმ-ს განაყარი დიდ წილად, ესეც უნდა იცოდეს ბატონმა მარგველაშვილმა მყარად - გიორგი ცაგარეიშვილი

გიორგი მარგველაშვილის განცხადებები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. "როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან," - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა, დეტალები ხელს უშლიდა. კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "ყველაზე მეტად, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძესთან და "ლელოსთან"".

გახარიას "საქართველოსთვის" პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ.

"რასაც ვუყურებ, მისი განცხადებები სულ უფრო და უფრო არასერიოზული ხდება. ამ ადამიანს თუ რამის გაკეთება უნდოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ძალაუფლება ხელში ჰქონდა და მაშინ გაეკეთებინა და ახლა რომ გამოდის რაღაც გაურკვეველი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით, ჩემთვის რთულია, რომ სერიოზული შეფასება მივცე ამას," - განაცხადა "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვისთან ითანამშრომლებს გიორგი მარგველაშვილი ეს მისი გემოვნების საკითხია, თუმცა ენმ ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

"ეს არის მისი გემოვნების საკითხი ვისთან ითანამშრომლებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ენმ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ პარტიასთან. გიორგი მარგველაშვილი არის პროდასავლური პოლიტიკოსი.

მერაბიშვილი დიდი ხანია არ არის პოლიტიკაში, მას არაერთხელ განუცხადებია ამის შესახებ, რომ არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და ვიღაცებს აქვთ მცდელობა, რომ ეს ადამიანი ძალით შემოიყვანონ," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვისთან ითანამშრომლებს გიორგი მარგველაშვილი ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

"ვისთან დასხდებიან ეს ადამიანები და ვისთან არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ ისინი ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენი საზოგადოება არ დასხდება არასდროს და არ მოუსმენს სწორედ იმიტომ, რომ არიან არათანმიმდევრულები, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღრმავებას, რადიკალიზაციასა და სიძულვილის ტირაჟირებას. შესაბამისად, ასეთ ადამიანებთან ჩვენი საზოგადოება არ იქნება არასდროს დიალოგის რეჟიმში და ერთმანეთში ვინ ვისთან ილაპარაკებს და პირადი ამბიციებით ვისთან არ ილაპარაკებს, ეს მეათე ხარისხოვანია," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ყველა პარტია, რომელიც "ნაცმოძრაობის" მიღმა არის ასევე დიდწილად "ნაცმოძრაობის" განაყარია.

"მარგველაშვილის ტიპის სელექცია, რომელსაც ის ახლა ეწევა ესეც მისი გადასაწყვეტია, ეს ჩემი საქმე არ არის. ვისაც უნდა იმას დაელაპარაკოს. ყველა ის პარტია, რომელიც მერაბიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" მიღმა არის, არის ასევე "ნაციონალური მოძრაობის" განაყარი დიდ წილად. არაფერი ამ ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს, არც წარსული, არც აწმყო და არც მომავალი. ესეც უნდა იცოდეს ბატონმა მარგველაშვილმა მყარად და თუ ამასაც გამოვრიცხავთ, ვინ დარჩება საკონსულტაციოდ? რა დარჩება ან ვინ მივა მასთან საკონსულტაციოდ?" - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები