24 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
საქართველოში საწვავი მნიშვნელოვნად გაიაფდა - არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა

საქართველოში საწვავი მნიშვნელოვნად გაიაფდა - არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ღირებულება 2 ლარს ჩამოსცდა. მხოლოდ თებერვლის თვეში, ყველა ტიპის საწვავზე 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა, ფასის კლების პროცესი მარტშიც გაგრძელდა.

შესაძლებელია თუ არა, რომ ბრენდირებული საწვავის ფასი გაუთანაბრდეს არაბრენდირებულ საწვავს და გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია? - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე პასუხობს.

„ყველაზე მოთხოვნადი ბენზინ-რეგულარის ფასი 2 ლარს ქვემოთ ნიშნულზეა. რაც შეეხება ბრენდულ და ქსელურ ბენზინგასამართ სადგურებს იქ საკმაოდ მრავალფეროვანია საწვავის ღირებულება - ფასები 2.10-იდან 2.50-მდე მერყეობს. თუმცა, თუკი ამას დავამატებთ სხვადასხვა აქტივობებს და ლოიალურ ბარათებს, რომლითაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ტაბლოზე არსებულ ფასებს კიდევ აკლდება 10-15 თეთრი. გაიაფების პროცესი გრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ფასები აპრილში კიდევ უნდა დაკორექტირდეს. ამის საფუძველს კი გვაძლევს ის, რომ ერთის მხრივ ვალუტის კურსი გამყარებულია, რაც გავლენის ფაქტორებში მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, თავად საწვავის საერთაშორისო ფასები, მაგალითად ბრენტის ტიპის ნავთობი 75$-ის ფასებში ივაჭრება და ეს ფასი იანვართან შედარებით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კლებაა. ამიტომ დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ შემდგომ პერიოდშიც უნდა ველოდოთ გაიაფებას. საორიენტაციო ფასი, ბენზინ-რეგულარის საწვავზე 2-ლარიან არეალში იქნება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბენზინთან ერთად გაიაფდეს დიზელის ფასიც“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები