24 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
აპლიკაცია, რომელიც ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და პროგრამა, რომელიც პაციენტის სამედიცინო ისტორიას ციფრულს ხდის - ახალგაზრდა სტარტაპერების ინოვაციური იდეები

ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაციით, საყვარელი კერძების კალორიებს დაითვლით. სტარტაპი ,,ფორმა ჰელსი’’ ოთხი წლის წინ ორმა მეგობარმა შექმნა - მაშინ, როცა ერთ დღესაც გადაწყვიტეს წონის პრობლემები ინოვაციური მიდგომით მოეგვარებინათ და ეს პროცესი ყველასთვის თავგადასავლად ექციათ.

გიორგი ვადაჭკორიამ და ედუარდ მსტოიანმა ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ მომხმარებელზე მორგებული პროგრამა შეემუშავებინათ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის წონის კლების პროცესს სასიამოვნოს გახდიდა, ყოველგვარი ზედმეტი ფინანსების თუ დროის დახარჯვის გარეშე. ამბობენ, რომ წარმატებამდე მისასველელი გზა მარტივი არ ყოფილა. იყო თერთმეტი უარი და ერთი შანსი აპლიკაციის დაფინანსებაზე. დაბრკოლება კი გამოცდილებად მალევე აქციეს. პანდემიის პირობებში 55 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდათ, ეს რიცხვი ახლა გაცილებით დიდია.

ჯანსაღი ცხოვრების აპლიკაცია ქართული ბაზრისთვის უნიკალურია. მის დახვეწაზე ახლაც მუშაობენ. გეგმავენ, რომ ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების გარდა, მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებაც დაამატონ.

მათ, ვისაც სხვადასხვა მიზეზით ჯანმრთელობის პრობლემები უკვე შეექმნა, სტარტაპი "მედიკი" დაეხმარება. ლაშა მურჯიკნელი გვაჩვენებს აპლიკაციას, რომელიც პაციენტის სამედიცინო ისტორიას ციფრულს ხდის და მონაცემების ერთიან ბაზას ქმნის. აპლიკაციით, ანალიზების პასუხს ელექტრონულად მიიღებთ და ეს პროცესიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატიზებული იქნება.

"მედიკის" საშუალებით, მომხმარებლებს ექიმთან ვიზიტის დაჯავშნაც მარტივად შეეძლებათ. ლაშა მურჯიკნელს სჯერა, რომ მისი სტარტაპი სულ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტაში და მომავალში ბაზარზე არსებულ ფასებსაც მკვეთრად შეცვლის.

დღის ამბები