19 აპრილი 2024,   02:29
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა აჭარაში და მიმალვაში მყოფი დამნაშავე - დანაშაულში ბრალდებულს ახლა წითელი ცირკულარით ეძებენ

სასტიკი მკვლელობა აჭარაში - 20 წლის მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი მეგობარი მოკლა, ქვეყანა დატოვა. ვიდრე ოჯახის უფროსი გაუჩინარებული სტუმრის ადგილსამყოფელს მოიკითხავდა, მეგობრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, სიტყვიერ დაპირისპირებას სისხლიანი გარჩევა მოჰყვა, რა დროსაც, 20 წლის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა საკუთარ სახლში თანატოლი, გიორგი ალხანიშვილი დანის რამდენიმე დარტყმით ადგილზე მოკლა. 

დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. კონფლიქტის დროს ოთახში 4 სხვა პირიც იმყოფებოდა. მათ შორის, მკვლელობაში ბრალდებულის საცოლეც. სასტიკი დანაშაული არცერთ მათგანს გაუმხელია. მეტიც, მათ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეგობრის ცხედარი ავტომობილით სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას ავტომობილით მიიტანეს და იქვე დამარხეს.

მკვლელობაში ბრალდებულმა ქვეყანა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დატოვა. ის ინგლისში სწავლობდა და ოჯახის ინფორმაციით, ახლაც სწორედ იქ იმყოფება. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ახლა წითელი ცირკულარით ეძებენ.

გამოძიებამ, მკვლელის ძებნის პარალელურად, სამი პირი დააკავა. მათ შორის, ერთი - დანაშაულის დაფარვის, ხოლო ორი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. თავად ბრალდებულებმა დუმილი დღეს მოსამართლის წინაშე დაარღვიეს, ბრალს აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული მკვლელის მხრიდან მუქარისა და შიშის მიზეზით დამალეს.

მოკლული გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ბათუმიდან დედოფლისწყაროში დღეს გადაასვენეს. ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს კი, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

დღის ამბები