20 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

ღამით კიევზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა - დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კიევის საჰაერო სივრცეში ათობით უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა, რომელთა ჩამოგდებაც უკრაინელებმა შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ომის დაწყების შემდეგ ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო დრონებით.

გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა ჟიტომირში. ქალაქის მერის განცხადებით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა. მსხვერპლი არ არის. ოკუპანტებმა ავიაციით და არტილერიით დაბომბეს ხარკოვის ოლქი. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ღამით მძიმე არტილერიით ორჯერ დაესხნენ თავს ქალაქ ნიკოპოლს. დაზიანებულია სახლები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.

აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლის ცენტრშიც.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა.

"დღეს სანქციების კიდევ ერთი დღეა, სანქციები იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ - მათი უმეტესობა რუსია, რომლებიც ტერორისთვის მუშაობენ. სულ 220 კომპანია და 51 ფიზიკური პირი. ეს არის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოები და მასთან დაკავშირებული რუსული კომპანიები. საწარმოები, რომლებიც ომს ემსახურებიან. და პირები, რომელთა მეშვეობითაც ეს კომპანიები იმართება. ყველა მათგანი არ ოპერირებს ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ზოგი სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს. მაგრამ გლობალურ ზეწოლას ყველა მიიღებს. ეტაპობრივად ვაგროვებთ სრულ მონაცემებს ყველას შესახებ, ვინც აგრესიისთვის მუშაობს - პირდაპირ თუ ირიბად. როდესაც რუსეთმა ეს აგრესია დაიწყო, ისინი სამყაროს ისე ხედავდნენ, თითქოს საკუთარ თავს უყურებდნენ სარკეში. ფიქრობდნენ, რომ თითქოს მსოფლიოში ყველა ისეთივე ცინიკური და საზიზღარია, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობა. მაგრამ მსოფლიო სხვანაირია - მსოფლიო გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში. ვინც მსოფლიოს წინააღმდეგ წავა, მარგინალი გახდება. რუსეთი ვერაფერს მიიღებს და ყველაფერს დაკარგავს. მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტისთვის. მადლობელი ვარ ფინეთის თავდაცვის ახალი პაკეტისთვის. მადლობელი ვარ გერმანიის სხვადასხვა ტიპის თავდაცვის აღჭურვილობის კიდევ ერთი პარტიის გადაცემისთვის რუსული ტერორისგან თავდაცვის გასაძლიერებლად, ცის დაცვის ჩათვლით. მინდა მადლობა გადავუხადო კანადას მზადყოფნისთვის, გააძლიეროს თავისი ლიდერობა უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა ისლანდიას ჩვენი თავდაცვისა და ხალხის დახმარებისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები