19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
სამების ტაძარში პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ალექსანდრე ლომთათიძის პანაშვიდი გაიმართა - ნეშტი საქართველოში დამოუკიდებლობის დღეების ფარგლებში ჩამოასვენეს

სამების ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის პანაშვიდი მიმდინარეობს - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ნეშტი საქართველოში დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში ჩამოასვენეს.

1917 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1921 წელს, ის არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

1921 წლის 13 ივლისს ის დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია. მისი ნეშთის გადმოსვენება კი, მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

"პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახლდათ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დღევანდელი გაგებით ის იყო ვიცე-სპიკერი, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებაში. გარკვეული პერიოდით ის არჩეული იყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედაც.

საქართველოს პარლამენტის ინიციატივა იყო, რომ მოძიებულიყო ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი. უზბეკეთში ჩვენმა საელჩომ საკმაოდ აქტიური მუშაობა განახორციელა ამ მიმართულებით, მოძიებული იქნა მისი სასაფლაო და უზბეკურ მხარესთან კოორდინაციით მოვახდინეთ მისი საქართველოში გადმოსვენების ორგანიზება.

სიმბოლურია, რომ 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დღეს ალექსანდრე ლომთათიძის ნეშთი ჩამოსვენებულ იქნა საქართველოში," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი.

დღის ამბები