27 სექტემბერი 2023,   21:56
ვრცლად
მიეჩვია ნახევარი სიმართლეების საუბარს, ვიღაცებს მოსწონთ ეს ნახევარი სიმართლეები და უკრავს ტაშს, მე არ მომწონს - პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტზე

ევროპარლამენტარების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. მოსაზრებები ოპოზიციაში განსხვავებულია.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, თუმცა მეორე ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები საკმარისად მკაცრი არ იყო.

"როდესაც პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის ლიდერები აკეთებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას და პრაქტიკულად ცვლიან ქვეყნის საგარეო კურსს, პრეზიდენტი ბევრად უფრო მწვავე უნდა იყოს, პოლიტიკური კომენტატორის როლიდან უნდა გამოვიდეს და აქტიური მოქმედებები განახორციელოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში, რათა აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, პრეზიდენტი მიეჩვია ნახევარი სიმართლის ლაპარაკს.

"მიეჩვია ნახევარი სიმართლეების საუბარს. ვიღაცებს მოსწონს ეს ნახევარი სიმართლეები და უკრავს ტაშს, მე არ მომწონს, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ნახევარ სიმართლეს.

კი, სწორი აქცენტი ჰქონდა რამდენიმე და ვაღიარებ, მაგრამ მერე რა მოხდა, რამე შეიცვალა?!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, "გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო პრეზიდენტისგან - თუ როგორ წარმოუდგენია არსებული პრობლემების გამოსწორებას.

დღის ამბები