



საავტორო უფლებათა ასოციაციაში მირიან კულულაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებიათ.
მირიან კულულაშვილის გადაწყვეტილება სავარაუდოდ უკავშირდება საქპატენტის მხრიდან გიგა კობალაძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და აუდიტის დასკვნას, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი. მირიან კულულაშვილი გიგა კობალაძის მოადგილე იყო და მან თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ასოციაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ მირიან კულულაშვილის გადაწყვეტილებას აუდიტის დასკვნასთან კავშირი არ აქვს.
მირიან კულულაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება ზაზა შენგელია. "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ამბობს, რომ მირიან კულულაშვილთან საქმიანი შეხება ჰქონდა და აცხადებს, რომ ის პატიოსანი ადამიანია და ფიქრობს, რომ ვითარება მისთვის შოკისმომგვრელია.
"მირიანს ვიცნობ კარგად, ის გახლდათ "ბრავო რექორდსის" პირველი იურისტი, როდესაც "ბრავო რექორდსი" შეიქმნა 2011 წელს. მირიანს ვიცნობ მხოლოდ საუკეთესო მხრიდან. ის არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია მისთვის იყო შოკისმომგვრელი. მე მასთან არ მილაპარაკია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისთვის ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ექნებოდა ინფორმაცია ამ დარღვევებზე. რავიცი ალბათ სწორი და ლოგიკური ნაბიჯი გადადგა, როგორც მოიქცეოდა ყველა პატიოსანი ადამიანი," - განაცხადა "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ.