25 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
მუდამ მოვლენების ეპიცენტრში, საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე და თანამონაწილე - ტელეკომპანია "რუსთავი 2" 29 წლისაა

"კურიერის" ყველა გამოშვება, ჟურნალისტების რამდენიმე თაობა, ყველა მოვლენა და ყველა ამბავი, რაც მაყურებელს აინტერესებს, ექსკლუზიური ინტერვიუები და კადრები. მასალა, რაც მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ლოგოს ქვეშ გასულა - ამ სივრცეში ინახება. ჩვენ არხს 5 არქივარიუსი ჰყავს, თამუნა 20 წელზე მეტია კოლეგებთან ერთად ზრუნავს კასეტების მწყობრ რიგზე. ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას - გამოსახულებას და ხმას.

არქივარიუსებისთვის მთავარია კონცენტრაცია და სიზუსტე, თამუნა ამბობს, რომ მათ მასალის აღწერის დროს, არ აქვთ არცერთი ასოს, არცერთი სასვენი ნიშნის შეშლის უფლება, ასე შესაძლოა არქივი საერთოდ დაიკარგოს. ტელევიზიაში ყველა რგოლს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, იმისთვის რომ მექანიზმმა აწყობილი საათივით იმუშაოს.

ქალაქ რუსთავში დაწყებული მაუწყებლობის პერიოდი ახსოვს კახა გოგოლაშვილს - ცენტრალური საეთეროს ვიდეო ინჟინერს. მისი სატელევიზიო კარიერა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც არხი.

ერთი ავტობუსით რუსთავიდან თბილისში ჩამოსულმა ტელევიზიამ განაგრძო განვითარების გზა. შექმნა ქვეყანაში ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვება, ბევრი რამ მაყურებელმა პირველად, "რუსთავი 2"-ის ეთერში ნახა.

ყველას, ვისაც "რუსთავი 2"-ის სკოლა გაუვლია იცის, როგორ მოიქცეს ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორც მიაწოდოს მაყურებელს ყველაზე ქაოსურად განვითარებული მოვლენები, თანმიმდევრულად მოთხრობილ ამბად. საეთეროში ზოგჯერ ძალიან დიდი ხმაურია, მაგრამ აქ ყველამ იცის სპეციალური გამოშვების დროს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ისინი ყოველთვის არიან ხაზზე იმ ფლიგელთან, სადაც სამონტაჟო ოთახებია.

ჭერში ბზარი გაჩნდება, ბიაზი გასკდება თუ წიგნს ორი სათაური ექნება (კედელზეა ცისფერი მთების პოსტერი და იქიდან გადმოდის კადრი სამონტაჟოში ) - მთავარია მაყურებელმა დროულად გაიგოს რა ხდება. ამიტომ კადრს მიღმა ადამიანები ამ სივრცეში ზოგჯერ დასვენების გარეშე 24 საათიც მუშაობენ.

პაატა ჟღენტისთვის, იყო ტელევიზიის თანამშრომელი ნიშნავს მუდმივ მზაობას, განცდას - რომ ხარ აუცილებელი, ჭირდები მაყურებელს, ჭირდები კოლეგებს და შენს ხელშია ყველა დაზოგილი თუ მოგებული წუთი.

დროის ფასი გაიგო და უკვე 24 წელია "რუსთავი 2"-ში მუშაობს, 40-ამდე საერთაშორისო პროექტის თანამონაწილე და დამდგმელი ოპერატორი ფიქრობს, რომ არხს გუნდური მუშაობის უნარი აცოცხლებს.

გუნდურობას და დროის განაწილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დეკორატორებისთვის, მათ ზოგჯერ ერთ საათში მთელი სტუდიის გადაწყობა და განახლება უწევთ.

ვანო დეკორატორების გუნდს ხელმძღვანელობს და დღეს "რუსთავი 2"-ში ყველა არსებული გადაცემის ვიზუალურ მხარეს უზრუნველყოფს, თუმცა ამ პოზიციამდე იყო ტელევიზიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და სხვადასხვა პოზიცია. 1998 წელს მას იმდენად უნდოდა ცისფერ ეკრანიან ყუთში მუშაობა, რომ 18 ლარიან ანაზღაურებას და ადმინისტრატორის პოზიციას დათანხმდა, შემდეგ იყო საოპერატორო კარიერა, რაც დაეხმარა სივრცის აღქმაში, შექმნას სატელევიზიო სტანდარტებზე მორგებული, თანამედროვე და მობილური სტუდიები.

თავისი განრიგი აქ ყველამ იცის. აქ ყველამ იცის ისიც, რომ ტელევიზია არის მექანიზმი, კადრში თუ კადრს მიღმა მისი ყველა დეტალი კი უკვე 29 წელია მუშაობს ისე, რომ კურიერის დროზე შეძლოს მაყურებელმა საკუთარი მაჯის თუ კედლის საათის გასწორება.

დღის ამბები