23 აპრილი 2024,   10:33
ვრცლად
"ხელოვნურად შექმნილი სტიქია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შემოგვიტევს, წყლის დონე კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს" - ალექსანდრ პროკუდინი

არის თუ არა რუსეთი კახოვკას ჰესის დანგრევაზე პასუხისმგებელი - ამ კითხვაზე ვაშინგტონი ჯერჯერობით დამაჯერებელ პასუხს ვერ იძლევა. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

თუმცა მანამდე თეთრ სახლში თქვეს, რომ სადაზვერვო მონაცემებით, კაშხალი რუსეთმა გაანადგურა. მიზეზზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს ბრიტანეთის პრემიერიც. უკრაინის პრემიერ მინისტრის განცხადებით, კი მთავრობა ახალი წყალსადენის მშენებლობისთვის 40- მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.

"ღამის განმავლობაში კრიტიკული სიტუაცია არ დაგვიფიქსირებია. დატბორვის ინტენსივობა შედარებით შემცირებულია. თუმცა, ჰესის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო ხელოვნურად შექმნილი სტიქია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შემოგვიტევს. როგორც მოსალოდნელია წყლის დონე კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს," - აცხადებს ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.

უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უზარმაზარი კაშხალი გუშინ გამთენიისას განადგურდა. დატბორილია არაერთი დასახლება. ამ დრომდე გრძელდება ხალხის ევაკუაცია.

წყლის გარეშეა დარჩენილი ყირიმის მოსახლეობა, ასევე ზაპოროჟიეს ატომურ სადგური. ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დატბორილია 1852 საცხოვრებელი სახლი, რისკის ზონიდან განხორციელდა 1457 ადამიანის ევაკუაცია. მოსახლეობის უსაფრთხო ზონებში გადაყვანა ახლაც მიმდინარეობს, პროცესში ჩართული პოლიცია და ჯარი. უკრაინის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა ამ დროისთვის 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები