07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
უკრაინული კამიკაძე დრონები ისევ რუსულ ქალაქებს უტევენ, უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში პუტინის პარტიის ოფისზეც მიიტანეს - ომის 552-ე დღე

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოცდა გრძელდება. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვიან ღამით ტულის ოლქში ორი დრონი ჩამოაგდეს.

აფეთქება მოხდა ოკუპირებულ ენერგოდარშიც. უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია რასიას" რეგიონული ოფისი გახდა. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

მსხვერპლი მოჰყვა რუსული არმიის შეტევას უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. "ურაგანის" სისტემებით ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. კასეტური ჭურვის აფეთქებას 1 მშვიდობიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა - 4. თავს დაესხნენ ხერსონს და დნიპროპეტროვსკის ოლქს.

ქვეყნის საზღვრების და მოსახლეობის დაცვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებით არის შესაძლებელი. უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ მიმართვაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით, სტრატეგიული წერტილები დაიკავეს.გენშტაბის ცნობით შეტევა მოიგერიეს ავდიივკას და მარიენკას მიმართულებითაც.

კიევის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს მოსკოვი არ აღიარებს. კრემლი დუმს და ოფიციალურ ცნობებს არც "ვაგნერის" მაღალჩინოსნების დაკრძალვაზე ავრცელებს, თუმცა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ კადრების გასაჯაროება მაინც მოახერხა. სანქტ-პეტერბურგში სერაფიმეს სასაფლაოზე დღეს პრიგოჟინის მარჯვენა ხელი ვალერი ჩეკალოვი დაკრძალეს. მიაბარეს თუ არა მიწას თავად დაქირავებულ მებრძოლთა ხელმძღვანელი ჯერჯერობით უცნობია. დღის მეორე ნახევარში პუტინის პრესსპიკერმა მხოლოდ ის თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვაზე რუსეთის პრეზიდენტი მისვლას არ აპირებდა.

დღის ამბები