07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
უკრაინულმა არმიამ სამხრეთის ფრონტზე ე.წ. სუროვიკინის ხაზი გაარღვია და კონტრშეტევა დაიწყო - პარალელურად ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში საკადრო გადაადგილებებს ელოდებიან

რუსეთში მთელი ღამე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას იგერიებდნენ. აფეთქებები იყო ბრიანსკის ოლქში. კრემლში ამბობენ, რომ ყველა საჰაერო სამიზნე განადგურებულია. მათ შორის დრონები, რომელთაც გეზი მოსკოვის მიმართულებით ჰქონდათ აღებული. ღამის შტურმის შესახებ იუწყება ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობაც.

რამდენიმე დრონი რუსეთის ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარშიც გამოჩნდა. ამის გამო, მოსკოვი კიევს ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს. უკრაინის მთავრობა კომენტარს არც დღეს აკეთებს. კიევი დუმდა რუსეთში, ფსკოვის აეროდრომის გუშინდელ დაბომბვაზეც. თუმცა, სტრატეგიულ ობიექტზე მიტანილ იერიშსა და 4 რუსული სატრანსპორტო "ილ-76"-ის განადგურებაზე პასუხისმგებლობა "რუსმა პარტიზანებმა" აიღეს.

ტელეგრამაზე ამ შეტყობინების გავრცელების შემდეგ რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დივერსიული ჯგუფის განადგურების შესახებ განაცხადა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმუტში დანაკარგი აქვს უკრაინის საჰაერო ძალებსაც. მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის პრესსპიკერის განცხადებით, დაიღუპა 6 მფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, ექვსივე მათგანი საბრძოლო დავალებას ასრულებდა. შემთხვევის სხვა დეტალები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.

ბახმუტთან ერთად 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა ლიმანის, ავდიივკას და მარიინკას მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საოკუპაციო ძალასაც.

უკრაინელი სამხედროების წინსვლის პროცესს ჯერ კიდევ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, წინასწარი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან, ელჩის რანგში დააკვირდება. ადგილობრივი მედია უკრაინის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი რეზნიკოვი პოსტს მომავალ კვირას დატოვებს. მის შემცვლელად კი უმერ რუსტემოვი სახელდება. სახელმწიფო ქონების ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი.

რეზნიკოვის გადადგომაზე საუბარი სავარაუდოდ, მის უწყებაში მომხდარ არაერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის საქმეა. რეზნიკოვის მოადგილემ რამდენიმე თვის წინ უკრაინელი სამხედროებისთვის შეძენილ პროდუქტებში თვითღირებულებაზე თითქმის 3-ჯერ მეტი გადაიხადა. ერთი კვირის წინ ბრალდებები გაისმა თავად რეზნიკოვის მისამართითაც. მედიის ინფორმაციით, რეზნიკოვის უწყებამ ჯარისკაცებისთვის ზამთრის ქურთუკების ნაცვლად 180 000-ზე მეტი ზაფხულის ქურთუკი შეიძინა.

 

დღის ამბები