20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
დმიტრო კულებამ და ენტონი ბლინკენმა "McDonalds"-ში ივახშმეს- რა განიხილეს დიპლომატებმა შეხვედრაზე

დმიტრო კულებამ და ენტონი ბლინკენმა "McDonalds"-ში ივახშმეს, ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა "მაკდონალდსში" ვახშმით იმაზე მეტი თქვეს, ვიდრე დახურულ კარს მიღმა შეიძლებოდა. გულწრფელი იყო საუბრის შინაარსი.

მსუბუქი საუბრის წინ, დიპლომატებს, სხვადასხვა მძიმე საკითხის განხილვა მოუწიათ, მაგრამ უცვლელია ამერიკის მთავარი გზავნილი. რუსული აგრესიის 561-ე დღესაც ვაშინგტონი კიევის გვერდით დგას. ამის კიდევ ერთი დასტურია შეერთებული შტატების დახმარების მორიგი პაკეტი, რომელიც ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ჩაიტანა. დოკუმენტი გაღარიბებულ ურანის ჭურვებს, საჰაერო თავდაცვას და არტილერიას მოიცავს.

გამარჯვებამდე, უკრაინა აგრესორის შეტევებს იგერიებს. საჰაერო განგაში გვიან ღამით 9 ოლქში გამოცხადდა. ოკუპანტები დრონებით თავს ოდესის ოლქის, იზმაილის რაიონს დაესხნენ. დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა. რუსულმა არმიამ დაბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება მოუწია რუსეთსაც. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული დრონები როსტოვში ჩამოაგდეს. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. აფეთქებების ხმა ისმოდა ბრიანსკშიც. გავრცელებული ცნობით, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

წინსვლა აქვთ უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, წარმატებული სპეცოპერაცია აწარმოვეს ბახმუტის მიმართულებით. უკვე მეორე დღეა მარიუპოლში ინტენსიურად იბომბება საოკუპაციო ძალის პოზიციები. ხარკოვის ოლქის სტროივკასა და ტოპოლის დასახლებებში უკრაინული დროშა აღიმართა.

24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგი იყო: 610 ოკუპანტი, 9 ტანკი, 21 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 37 საარტილერიო სისტემა, 22 ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემა, 27 მანქანა და 7 სპეცტექნიკა.

კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით უკრაინული არმიის დანაკარგზე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. აგრესორი ქვეყნის ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ მოგერიებულია რამდენიმე მასშტაბური შეტევა. რაც, უკრაინულ მხარეს ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის ფასად დაუჯდა.

დღის ამბები