რუსეთის ამურის ოლქში მდებარე კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" რუსეთის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსები დაათვალიერეს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში დაეხმაროს.
"ტასის" ცნობით, კიმ ჩენ ინი კოსმოდრომის სარკინიგზო სადგურამდე სპეციალური მატარებლით ჩავიდა და შემდეგ გზა ლიმუზინით გააგრძელა. კრემლმა გაავრცელა პუტინის და კიმ ჩენ ინის მისალმების ამსახველი ვიდეოკადრები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისი მიწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.