



სუს-ის მიერ გაშიფრულ სახელმწიფო გადატრიალების სქემას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობა იგეგმება, მმართველი გუნდი ეხმაურება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფარული სქემა არაერთ შემთხვევაში გაიშიფრა და მოჰყვა სათანადო რეაგირება.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანა და კანდიდატის სტატუსის დაკარგვაა, რისთვისაც ყველაფერს იკადრებენ.
"მაშინ როდესაც, ჩვენ გვახსოვს ჩანაწერები კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად: მიხეილ სააკაშვილი ელაპარაკება სოფო ნიჟარაძეს, სისხლიან გადატრიალებაზე და სროლაზე როდესაც საუბრობდნენ, ელაპარაკება გიორგი ვაშაძეს, ელაპარაკება ნიკა გვარამიას და ა.შ. კონკრეტული ჩანაწერები გვაქვს მოსმენილი. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს სამი შემთხვევა. ექვსი თუ შვიდი შეიარაღებული უკრაინელი შემოპარული იყო საქართველოში ამ მიზნისათვის და დააკავეს. მეორე შემთხვევა იყო ბატულინი, რომელიც უკრაინულმა მხარემ მოითხოვა და პრეზიდენტმა შეიწყალა მაშინ და მესამე, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ დანაშაულისთვისაც ბრალდებულია და სხვა ბრალდებულებიც არიან. მათ შორის, გია ლორთქიფანიძე, რომელიც წინა შემთხვევაშიც ფიგურირებდა. ახლა ერთადერთ გამოსავალს ხედავენ არასამართლიან გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სხვა შემთხვევაში მათი ყველა გეგმა არის ჩამოშლილი. ამიტომ ვიძახით ჩვენ, რომ სუბიექტურად, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გვაწყობს სტატუსის მიღება, ავირიდებთ ამ რაღაც სიგიჟეებსაც. რა, მათ სისხლიანი წარსული არ აქვთ თუ რატომ არ იკადრებენ ამ ყველაფერს? წარსულიც სისხლიანი აქვთ და მომავლის გეგმებიც სისხლიანი აქვთ და ეს არ უნდა გავუტაროთ არც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.