19 სექტემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველო, შესაძლოა, უმაღლესი რანგის ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა გახდეს, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის

მთის ტრასების სააგენტოსა (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ. დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და ადგილზე დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც შესაძლებელია თუ არა ჩატარდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტური.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით.

საქართველომ კურორტ თეთნულდზე, უკვე ორჯერ უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს, მასში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება. საქართველო შესაძლოა გახდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის.
საბოლოო გადაწყვეტილება კი საფრანგეთის ქალაქ ანესში გახდება ცნობილი სექტემბრის ბოლოს, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ სტუმართმოყვარე მასპინძელ გუნდთან, რათა ჩავატაროთ მთის ინსპექტირება და შევაფასოთ მისი პოტენციალი მოსალოდნელი ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრების წინ. საქართველო გვთავაზობს ფანტასტიკურ მთებს, ძალიან კარგი თოვლით. და ახლა, ჩვენ აღმოვაჩინეთ არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა. ვიმედოვნებთ, შევძლებთ გამოვაცხადოთ, რომ საქართველო შეუერთდება ფრირაიდის მსოფლიო ტურის დიდ ოჯახს, ამ ექსკლუზიურ კლუბს," - განაცხადა ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.

„ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იქნება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე შესაძლოა კიდევ ერთხელ მოინიშნოს ახალი მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

დღის ამბები