



საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისა და საზოგადოებრივი პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა განმარტეს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი იყო. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხს და პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მოტივაციაა, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"ყველას ესმის, რომ იმპიჩმენტი არის "ქართული ოცნების" მიერ დადგმული მასკარადი, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. იმპიჩმენტის პროცედურის წარმატებით დასრულება ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახადონ ევროკავშირისთვის, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, შედეგს ყველა ელოდება, რადგან ამას აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. საქართველოს პრეზიდენტის მოტივაცია დღეს არის, ყველაფერი გაკეთდეს, რომ "ქართულ ოცნებას" არ მიეცეს შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს ცალკე შეხვდა, თუმცა მთავარი განსახილველი საკითხი აქაც კანდიდატის სტატუსი იყო.
"საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა შეხვდა ცალკე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. საუბარი იყო ბევრ თემაზე, თუმცა მთავარი განსახილველი თემა არ ყოფილა არც იმპიჩმენტისა და არც ეროვნული ბანკის საკითხი, რომელიც ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარი, რაზეც ილაპარაკეს ეს იყო ჩვენი კანდიდატის სტატუსი, ევროპული ინტეგრაცია,"- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.