



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ირლანდიაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილს დღეს ექნება პირისპირ შეხვედრები თურქეთის და ირლანდიის ზედა პარლამენტის თავმჯდომარეებთან.
პარლამენტის სპიკერმა მანამდე მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში, სადაც ის სიტყვით ორჯერ გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და დემოკრატიის გამოწვევებზე. შედგა ორმხრივი შეხვედრებიც, შალვა პაპუაშვილი უკვე ესაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს.
შეხვედრა გაიმართა ირლანდიის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის და ესტონეთის სპიკერებთანაც- საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და ის ნაბიჯები იყო, რაც ქვეყანამ სტატუსის მოსაპოვებლად გადადგა.
ამასთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა რა საკითხები განიხილება შეხვედრებზე.
"ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა კოლეგამ იცოდეს იმ რეფორმების შესახებ, რომლებსაც ქვეყანაში ვატარებთ. მეორე მხრივ, მინდა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აქამდე ჩატარებული შეხვედრების დროს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ მხარდაჭერა და ყველას კარგად ესმის, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პოზიტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული დეკემბერში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.