06 ოქტომბერი 2024,   21:37
ვრცლად
"ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება დასავლეთთან, მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად" - აშშ-ის ახალმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა , რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. 

რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 

ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის  12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

"ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის  წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად.

მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრი გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.

მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად.

მოუთმენლად ველი ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა გავიმეორო პრეზიდენტის, ჩემი პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად  მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის," - განაცხადა რობინ დანიგენმა. 

დღის ამბები