22 დეკემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ხათუნა სამნიძე კოლეგებს თავდასხმის გამო აკრიტიკებს - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ხათუნა სამნიძე კოლეგებს ბულინგში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში შესული დეპუტატი ამბობს, რომ ამავე პარტიისა და მისი პარტნიორების გაღიზიანება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. დეპუტატმა, ხატია დეკანოიძესთან ერთად, ოპოზიციის ნაწილი სტატუსის საბოტაჟირებაში გასულ კვირას ამხილა. მისი თქმით, ამ ფაქტით "ნაციონალური მოძრაობის" განსაკუთრებულმა რეაქციამ დაადასტურა, რომ ოპოზიციის ნაწილი ევროინტეგრაციის შეფერხებას მართლაც ცდილობდა.

სიმართლემ, რომ ყოფილი თანაგუნდელები გააღიზიანა ამას არც ხატია დეკანოიძე უარყოფს, თუმცა დეპუტატი სამნიძისგან განსხვავებით, დღეს, უფრო მოზომილი იყო და ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

დეკანოიძისგან განსხვავებით, დიპლომატიური ენა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მთავარ პარტნიორ სტრატეგია აღმაშენებელში არ გამოუყენებიათ. სამნიძის მიერ პოლიტიკურ თავდასხმაში ბრალდებულები, დღეს, კოლეგებს კვლავ მმართველი პარტიის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ და არც მათ დატუქსვას მორიდებიან.

ბულინგს და განსხვავებული აზრის მიუღებლობას "ნაციონალურ მოძრაობის" ბუნებრივ მახასიათებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მოქალაქეების ლიდერმა, დღეს, ოპოზიციის მხრიდან საკუთარ თავზე გამოცდილი არაერთი თავდასხმაც გაიხსენა.

მმართველი გუნდისთვის სამნიძის ბრალდება ოპოზიციის რეალური გეგმის მორიგი ლუსტრაციაა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, სამნიძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ოპონენტთა უმრავლესობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება რეალურად არ სურს.

საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის ელოდება. 8 ნოემბერს კი ევროპული კომისია რეკომენდაციების შესრულების შესახებ პირველად დასკვნას გაასაჯაროებს.

 

დღის ამბები