"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას, პარტიის მოქმედი მენეჯმენტიდან მოუწოდებენ, ჭკუა თანამოაზრეებს დაარიგოს. საქმე ეხება პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გუშინდელ მიმართვას, სადაც ნიკა მელია ახალი მენეჯმენტისგან ინტერესდება, რას ემსახურება მათი პარლამენტში ყოფნა.
ნიკა მელიას თქმით, პირველი არგუმენტი თითქოს რეკომენდაციების შესრულების იძულება იყო მიზანი, არ გამართლდა, ვინაიდან მხოლოდ სამი დათქმაა შესრულებული.
მეორე პუნქტი ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება იყო, თუმცა ამასაც ვერ იყენებენ, რადგან ვივამედში შესვლის უფლება კანონმდებლებს არ ეძლევათ. ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, გაბათილებულია არგუმენტი კომისიის შექმნის ბერკეტზეც, რადგან ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიებს ვერ ქმნის. აქედან გამომდინარე, ნიკა მელია პარტიას ეკითხება, რას საქმიანობენ პარლამენტში და აქვე აღნიშნავს, რომ ეს კითხვა რიტორიკულია.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, თუ დეპუტატი პარლამენტში თავის საქმეს ვერ აკეთებს მაშინ მას საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება.
"როდესაც შენი ვერცერთი ინიციატივა ვერ გაგაქვს, როდესაც საგამოძიებო კომისიას ვერ ქმნი, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ გაძლევენ, რა უნდა პარლამენტში, რა საქმეზე არიან?! თუ ხარ იმისთვის,რომ საწვავი ჰქონდეს, ავტომობილი გყავდეს, მივლინებებში იარო და პირადი კეთილდღეობისთვის ხარ იქ, მაშინ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას და ამომრჩეველს უნდა მიაწოდო ინფორმაცია. ადრესატია ყველა ის ადამიანი, რომელიც სხდომათა დარბაზშიც კი არ შედის, რომ საკადრისი პასუხი გასცეს "ქართულ ოცნებას. თუ ამის ერთი ადგილი არ აქვთ, მაშინ არ უნდა იყვნენ იქ", - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, საზოგადოებას არაერთხელ უნახავს მის მიერ შეცვლილი პოზიციები.
"სატელევიზიო ეთერებით ვარკვიო ურთიერთობა ნიკა მელიასთან?! ეს ნამდვილად არ არსი საინტერესო. საზოგადოების რაღაც ნაწილი გულს მოიგებს და რაღაცას გააკეთებდეს - მისთვისვე არ არის სწორი ეს საუბარი. საზოგადოებამ არაერთხელ ნახა მისი შეცვლილი პოზიცია. ჩამოყალიბდეს რა უნდა და მერე ვისაუბროთ, ჭკუა დაარიგოს ბადრი შუბლაძეს და ბაჩო დოლიძეს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.