"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას პარტიის მოქმედი მენეჯმენტიდან მოუწოდებენ, ჭკუა თანამოაზრეებს დაარიგოს. საქმე ეხება პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გუშინდელ მიმართვას, სადაც ნიკა მელია ახალი მენეჯმენტისგან ინტერესდება, რას ემსახურება მათი პარლამენტში ყოფნა.
ნიკა მელიას თქმით, პირველი არგუმენტი, თითქოს რეკომენდაციების შესრულების იძულება იყო მიზანი, არ გამართლდა, ვინაიდან მხოლოდ სამი დათქმაა შესრულებული.
მეორე პუნქტი, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება იყო, თუმცა ამასაც ვერ იყენებენ, რადგან ვივამედში შესვლის უფლება კანონმდებლებს არ ეძლევათ. ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, გაბათილებულია არგუმენტი კომისიის შექმნის ბერკეტზეც, რადგან ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიებს ვერ ქმნის. აქედან გამომდინარე, ნიკა მელია პარტიას ეკითხება, რას საქმიანობენ პარლამენტში და აქვე აღნიშნავს, რომ ეს კითხვა რიტორიკულია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიესალმება ნიკა მელიას მოწოდებას, რადგან რაც უფრო ნაკლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი იქნება ქართული პოლიტიკისთვის.
"ასეთი სლოგანი გვქონდა - ნაც-ნაკლები მით უკეთესი, ანუ რაც უფრო ნაკლები ნაცი იქნება პოლიტიკაში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის. მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას, თუ რადიკალური, კოლექტიური ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის. შემდეგ პარლამენტში, როდესაც "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება, თუ არ შემოვლენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყველანაირად წავახალისებთ მათ არ შემოსვლას. მატერიალური პრივილეგიები მათ დაუმსახურებლად აქვთ. უნდოდათ ვიცესპიკერიც კი მათი კვოტით აგვერჩია იმისათვის, რომ კიდევ ერთი მანქანა, კაბინეტი მიეღოთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, რასაც ასევე მივესალმებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.