15 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნები სერიოზულად განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების მოსაზრებებს - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ის, რომ გერმანიაში ასე ღიად მიმდინარეობს საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე, ნიშნავს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ორგანიზაცია ამ საკითხს.
 
მისივე თქმით, ფაქტია, რომ დისკუსიაში კანდიდატი და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ზოგადად ეს სურათი, რომ ყველანი ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სერიოზულად განიხილავენ კანდიდატი ქვეყნების მოსაზრებებს. ეს ფორმატი საფუძველს უდებს ჩვენს თანაცხოვრებას, ახალი მომავლის შენებას, ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ქალბატონმა ანალენა ბერბოკმა თავის გამოსვლაში. ეს იქნება დასაწყისი ახალი დისკუსიების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში ეს იყო გარკვეულწილად ტაბუდადებული თემა, რეალურად გაფართოება 2013 წლის შემდეგ არ მომხდარა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ. ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ დესტაბილიზირებული იქნებიან რუსეთის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ევროპა გახდება მოწყვლადი გარე თავდასხმის წინაშე.

დღის ამბები