მმართველი პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქართული არასამთავრობოების უმრავლესობა უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნით იყენებს. ამის დამადასტურებლად, ირაკლი კობახიძემ დღეს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ USAID-ის ლოგოს გამოყენების ფაქტი დაასახელა. როგორც ირკვევა, არასამთავრობომ მიღებული გრანტით საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ჯარიმები გადაიხადა, ფინანსების მიზნობრიობა კი, USAID-ის სათაო ოფისთან შეთანხმებული არ ყოფილა.
აქციებზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულებს რომ ჯარიმები გადაუხადეს, ამას საქართველოს დემოკრატიის ინიციატივაში არ უარყოფენ, თუმცა, რატომ მოხვდა მათი პროექტის სპონსორების ჩამონათვალში USAID-ის ლოგო, ამაზე საუბარი არ სურთ. არც იმას ხსნიან, რა კავშირშია საურავების ანაზღაურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან.
არასამთავრობოების ინტერესები დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაიცვეს. პარტიამ, რომელიც საპროტესტო აქციების ხშირი ორგანიზატორია, GDI-ს საქმიანობა მოუწონა. ნაცმოძრაობის წევრების თქმით, ქართულ რეალობაში სამოქალაქო საზოგადოება სწორედ პროტესტანტებისთვის ჯარიმების გადახდით უნდა იყოს დაკავებული. კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში".
USAID-ის სახელის რეალობის დასაფარად გამოყენება პარლამენტის თავმჯდომარეს არ გაჰკვირვებია. შალვა პაპუაშვილმა დღეს დასავლური ფინანსების გაუმჭვირვალედ განაწილებაზე ისაუბრა. პარლამენტის სპიკერის აზრით, ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივის" საქმე ერთ-ერთია, რომელიც უბრალოდ, გამჟღავნდა. ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფული, რომ არამიზნობრივად იხარჯება ამაში დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობაც. ამბობენ, რომ ე.წ. ფარას, გამჭვირვალობის შესახებ, კანონის წინააღმდეგ არასამთავრობოების მასშტაბური შეტევა სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯებისა და დაფინანსების გამჭვირვალობაზე საუბარი, კიდევ ერთხელ აქტუალური GDI-ის საქმის გასაჯაროების შემდეგ გახდა. ერთ-ერთმა მედია საშუალებამ იუესაიდის სათაო ოფისიდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ქართულმა არასამთავრობომ USAID-ის ლოგო მათთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა.