15 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დასმენებმა არ იმუშავა და საბოტაჟის მომწყობებმა კრახი განიცადეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ევროკომისიის მიერ 12 პუნქტის შესრულების შეფასებამდე 6 დღეა დარჩენილი. მმართველი პარტია ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი მიზანს ვერ მიაღწევს და სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს ვერ შეუშლის. 

პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილს რომ სტატუსის მიღების გადავადება სურს, არც ოპოზიციაში უარყოფენ. პარტიებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლოს ქვეყანა დადებით პასუხს მიიღებს, მთავარ მიზეზად კი გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილის გეგმა ვერ შესრულდება და მათ მორიგ ჯერზე მოუწევთ პოლიტიკური მარცხის მიღება.

საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებას ადრესატების ნაწილი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის სურვილს უკავშირებს. "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" - ეს სამი პარტია სახელდება მათ შორის, ვისაც გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორებთან კომუნიკაციის გზით სტატუსის მინიჭების გადავადება სურს.

სახელისუფლებო პარტია სტატუსის მინიჭების ხელისშემშლელებს შორის ოპოზიციის ნაწილთან ერთად არასამთავრობოს სექტორსაც ასახელებს, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ წელიწადნახევრიანი წინააღმდეგობის შემდეგ ახლა ყველა ცდილობს პოზიცია შეცვალოს და პოზიტიური როლი შეასრულოს. სწორედ ამ კონტექსტში შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს 170-მდე ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებაც. მესამე სექტორი ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, წლის ბოლოს საქართველომ სტატუსი მიიღოს. 

8 ნოემბერი - სწორედ ამ დღეს უნდა გახდეს ცნობილი იმ ანგარიშის შინაარსი, რომელსაც ევროკომისია 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მოამზადებს.

სტატუსთან დაკავშირებით კი ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიცია ცნობილი დეკემბერში გახდება.

დღის ამბები