15 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
პარლამენტში ყოფნა-არყოფნა "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ შიდა დაპირისპირების მიზეზია - ნიკა მელიას შეფასებით, ენმ პრივილეგიებით სარგებლობის გარდა, პარლამენტში არაფერს აკეთებს

ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები - კიდევ რისთვის სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას" სადეპუტატო მანდატები? პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის გადაწყვეტილებითაც პარტია პარლამენტში შევიდა, ახლა ქუჩიდან ეკითხება ფორმალურ თანაპარტიელებს, რა ესაქმებათ პარლამენტში.

ნიკა მელია თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც სააკაშვილის მონახულების უფლებასაც კი ვერ იღებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ქართულ ოცნებას" აკეთილშობილებს, რეალურად კი, პარტიის წევრები დეპუტატის მანდატს ვერაფერში იყენებენ.

რას აკეთებს ენმ პარლამენტში - ინტერესდება ნიკა მელიას გუნდი. ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც 2020 წლის პოსტსაარჩევნო მოვლენების შემდეგ პარტია პარლამენტში მისივე გადაწყვეტილებით შეიყვანა, დღეს ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქ საპარლამენტო პრივილეგიებით სარგებლობის გარდა, არაფერს აკეთებს. მორიგი სტატუსი ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მელიას მიაჩნია, რომ ხაბეიშვილის გუნდი ფორმალური საპარლამენტო საქმიანობით მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მოქმედმა მენეჯმენტმა ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებების და რიტორიკული კითხვის საპასუხოდ მისივე სიტყვები გაიხსენა.

ოპოზიციის აქტიურობით უკმაყოფილო მელიას ადრესატი რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა", ამაში დარწმუნებულები არიან სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები - მათ შორის ამ პარტიიდან წასულებიც.

პარლამენტი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - საუკეთესო მოცემულობაა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ხაბეიშვილის გუნდი საპარლამენტო პროცესებს აზიანებს და სადეპუტატო მანდატებით მხოლოდ პირად დივიდენდებს იღებს.

პარლამენტში ყოფნა-არყოფნა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირების მიზეზი აქამდეც არაერთხელ ყოფილა. საკითხი ამჯერად ნიკა მელიამ გაააქტიურა, რომელმაც მანდატზე უარი ჯერ თავად თქვა, შემდეგ დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა, ბოლოს კი პარლამენტი ისევ საკუთარი სურვილით დატოვა.

 

დღის ამბები