16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, მორიგი პოლიტიკური გზავნილები სასამართლოს სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვის დროს გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს და "ეს კბენები" უნდა დასრულდეს.

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მოლოდინებზეც.

"მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესების მხარეს იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ - თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საბოლოოდ, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომელიც ერთ მდინარეში შეერწყმება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" თავად არის ძალიან მძლავრი ნაკადი და მე "ნაციონალურ მოძრაობაში" ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველა სხვა ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში - პოლიტიკურად იმ ბანაკში ვართ აღმოჩენილი, სადაც არის "ჰამასი", რუსეთი და ა.შ. მაგრამ ევროპა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ყველაფერი ნათელი გახდა, შავი და თეთრი ნათელი გახდა, ბოროტი და კეთილი ნათელი გახდა და ასე ნათელი არასდროს ყოფილა ეს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღეს მორიგი სხდომა შვიდი ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეებზე გაიმართა. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

დღის ამბები