16 სექტემბერი 2024,   23:02
ვრცლად
აბრკოლებს თუ არა NGO სექტორი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და რა არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს

მმართველი გუნდისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოტაჟში, ოპოზიციასა და მესამე სექტორს შორის ზღვარი წაშლილია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ NGO სექტორი პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციით ცდილობდა და ცდილობს საერთაშორისო პარტნიორებზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას.

არასამთავრობო სექტორის მცდელობის ერთ-ერთი მაგალითი უმრავლესობისთვის პარტია "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრის, ამჟამად NGO სექტორში მომუშავე სერგი კაპანაძის სტატიებია, რომელიც ბოლოს 31 ოქტომბერს ონლაინ ჟურნალ Transitions Media-ში გამოქვეყნდა. კაპანაძე წერს, რომ ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამია შესრულებული; ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გამოცემა ,"ცენტრალური აზია-კავკასიის ანალიტიკოსში" კი კაპანაძე, მისი სიტყვებით, "საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნების ანატომიაზე" წერდა და აცხადებდა, რომ სტატუსის მიღების გადაწყვეტილება 2024 წლის არჩევნების შედეგის გარკვევამდე უნდა გადავადებულიყო.

სტატიების ავტორმა დღეს კომენტარი არ ისურვა და არც სატელეფონო შეტყობინებებს უპასუხა. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მესამე სექტორის ინტერესი და მთავარი შედეგია.

"საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი უკანდახევა დემოკრატიის თვალსაზრისით" - ამ სიტყვების ავტორი ყოფილი დიპლომატი, "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძეა. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი ამტკიცებს, რომ უკრაინის და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირმა საქართველოს სტატუსის ნაცვლად წინაპირობები დაუყენა.

საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამ შინაარსის გზავნილების მიწოდება ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი არასწორი ქმედება სტატუსის მინიჭების პროცესში შეიძლება ქვეყნისთვის დაბრკოლება გახდეს.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი იმ ანგარიშის შინაარსი, რომელსაც ევროკომისია 12 პუნქტის შესრულების შესახებ მოამზადებს, სტატუსთან დაკავშირებით კი ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიცია ცნობილი დეკემბერში იქნება.

დღის ამბები