16 სექტემბერი 2024,   23:03
ვრცლად
გაზრდილი პენსიები და ხელფასები, სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა - 2024 წლის ბიუჯეტი თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით, 700 მილიონით გაიზარდა

400 ათასი პენსიონერი 2024 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს. პროგრამა მოიცავს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის ქრონიკულ დაავადებებს. ბიუჯეტის ახალი პროექტი უფასო წამლების და პენსიების ზრდასთან ერთად, ითვალისწინებს სოციალური დახმარების, შემწეობებისა და ხელფასების მატებასაც.

მომდევნო წლის ბიუჯეტი 28 500 000 000 ლარით განისაზღვრა და 2012 წელთან შედარებით, 20 მილიარდით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ყველა სამინისტროს და სფეროს დაფინანსება. 160 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება და ჯამში, 2 500 000 000 ლარი გახდება. 2012 წელთან შედარებით, სამინისტროს ბიუჯეტი 1 800 000 000 მილიონი ლარით არის გაზრდილი. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები, საშუალოდ, 500 ლარით იზრდება. 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება ჯანდაცვის დაფინანსება, რომლის ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში 6 მილიარდი ლარით გაიზარდა.

პენსიონერებისთვის უფასო მედიკამენტების გარდა, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსება. ჯანდაცვის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებულია პენსიების ზრდაც. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 50 ლარით გაზრდილ პენსიას - 415 ლარს აიღებენ. ამავე კატეგორიის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია 500 ლარი გახდება. 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარი იქნება. 380 ლარს მიიღებენ 70 წლამდე პენსიონერები მაღალმთიან რაიონებში. შედარებისთვის, 2012 წელს პენსია მხოლოდ 110 და 125 ლარი იყო.

პენსიებთან ერთად, 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემოსავლები საჯარო მოხელეებისთვისაც რომელთა ხელფასი 10%-ით იზრდება. ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების ზრდა კი ბოლო 2 წელიწადში 40 - 45 %-ია. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გაზრდილ პენსიას მიიღებენ ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები. მაქსიმალური ზღვარი 560 ლარიდან - 1000 ლარამდე გაიზრდება. საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია კი 1000-დან 1200 ლარამდე გაიზრდება.

2024 წლის ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, თუმცა ამ პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 85 მილიარდ 370 მილიონი ლარია. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 27 მილიარდი ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 11 წელიწადში ეს მაჩვენებელი, ანუ მთელი ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, 2027 წლისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდეა პროგნოზირებული. რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარია. 2020 წელს მშპ-მ 50 მილიარდი ლარი შეადგინა. ბოლო სამ წელიწადში მშპ-ს ზრდა 30 მილიარდია. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი 4250 დოლარი იყო, 2024 წელს კი იგივე მაჩვენებელი 8500 დოლარი იქნება.

150 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ჯამში 800 მილიონი გახდება. 2012 წელთან შედარებით სამინისტროს შემოსავლები 326 მილიონით არის გაზრდილი. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული, დამატებით 70 მილიონის გამოყოფაა განსაზღვრული ახალი აეროპორტების მშენებლობისთვის. გზების ხიდების, მაგისტრალების და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონი ლარი დაემატება და საერთო ჯამში ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომდევნო წელს, 3 მილიარდ 400 მილიონს გახარჯავს. ჯამურად 200 მილიონით გაიზრდება ძალოვანი უწყებების დაფინანსება. თავდაცვა დამატებით 10 მილიონს მიიღებს, 50 მილიონს - შსს, აქედან 20 მილიონი ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანების და შესაბამისი ტექნიკის შეძენისთვის გამოიყოფა. უწყებამ უკვე იყიდა სამი ვერტმფრენი, რომელთა მოწოდებაც მომდევნო წელს დაიწყება. სპორტის სამინისტროსთვის დამატებით 20 მილიონი გამოიყოფა. 25 მილიონით გაიზრდება საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი. ჯამში კომისია 125 მილიონს დახარჯავს ელექტრონული არჩევნების გამართულად ჩატარებისთვის. ფინანსთა მინისტრის განმარტებით გაზრდილი შემოსავლები, საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა.

2024 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკური ზრდაზეა დაგეგმილი. შემცირებულია და 2.5%-ს შეადგენს საბიუჯეტო დეფიციტი. მთავრობის ვალი კი, მშპ-ს 38.2%-ია. მომდევნო წლის ბიუჯეტს პარლამენტი, დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს გადაიგზავნა. ის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით 700 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ამ თანხის მიღებას მთავრობა საბანკო და სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის გაზრდით გეგმავს.

 

დღის ამბები