16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის წარმომადგენელი უნდა იყოს და არა მილიონერთა კლუბის ინტერესების - ნიკა მელია

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ყოფილ პრეზიდენტს, მისივე ბრალდებების ადრესატი ნიკა მელია პასუხობს, რომელსაც სააკაშვილმა პარტიის დატოვება ურჩია.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ექსპრეზიდენტთან დებატებში შესვლას არ გეგმავს და ამბობს, რომ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას, მხარდამჭერებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ მიიღებს.

ზუგდიდში თანამოაზრეებთან შეხვედრის დაწყებამდე, მელია მიხეილ სააკაშვილის მორიგ პარტიულ დავალებასაც გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის სიის აბსოლუტური უმრავლესობის იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებას გულისხმობს, რომლებიც პარლამენტის წევრები არასდროს ყოფილან. სააკაშვილის მოთხოვნას, ხაბეიშვილის ფრთა სრულად იზიარებს.

"მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ. მომავალ პარლამენტში, თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის წარმომადგენელი უნდა იყოს და არა ვიწრო, მილიონერთა კლუბის ინტერესების", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია-ს” წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ლანძღვის გზას გააგრძელებენ, მაშინ ჯობია რომ მათ პარტია დატოვონ.

"მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უმეტესწილად პარტია უნდა დაკომპლექტდეს ახალი სახეებით და ახალგაზრდებით, რაშიც მას "ნაციონალურ მოძრაობაში" ვეთანხმებით. თუ ეს ხალხი ისევ პარტიის ლანძღვის გზას აირჩევს, მაშინ ჯობია, რომ ამ ხალხმა დატოვოს პარტია", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

დღის ამბები