16 სექტემბერი 2024,   23:01
ვრცლად
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე, 3 დღე რჩება - კვირის მნიშვნელოვანი ამბები და მოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 3 დღე რჩება. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი იმ ანგარიშის შინაარსი, რომელსაც ევროკომისია 12 პუნქტის შესრულების შესახებ მოამზადებს. ხელისუფლების განწყობა ოპტიმისტურია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, თუმცა ისევ აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს მათი ოპონენტები გამიზნულად უშლიან ხელს. მოლოდინი არც ისე პოზიტიურია ოპოზიციაში, რომლის ნაწილი დაუფარავად აცხადებს, რომ ქვეყანას სტატუსი არ ეკუთვნის და ევროკავშირის შესაძლო დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ აურზაურია. მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას სასამართლოდან მიმართა. წადით პარტიიდან - უთვლის სააკაშვილი ყველას, ვინც პარტიას შიგნიდან აკრიტიკებს. ადრესატი მოწოდების მიუხედავად ისევ ნაციონალებში რჩება - „მიშამ თქვა და გააკეთე ჩემი გზა არ არის" - ასე პასუხობს მელია სააკაშვილს, რომელიც პარტიის წარმომადგენლებთან რეგიონებში შეხვედრებს მართავს. დღეს მელია თანამოაზრეებს ზუგდიდში შეხვდა. სულ ცოტა ხნის წინ კი მიხეილ სააკაშვილმა უარყო, რომ მისი კრიტიკა მელიას ეკუთვნოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „მაუწყებლობის შესახებ" პარლამენტმა კანონში ცვლილება მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო. მაგალითად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მედია კონტროლს ისახავს მიზნად, თუმცა ასე არ ფიქრობს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინკი აცხადებს, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელს მეორედ შეიკრიბა. საათ-ნახევრიან კრებას ილია მეორე ხელმძღვანელობდა. მღვდელმთავრებმა საეკლესიო თემატიკის გარდა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. "ვითარება არის ძალიან რთული და საშიში - ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს" - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

სინოდის გადაწყვეტილებით შეიცვლება ნათლობის წესიც. "ნათლია უნდა იყოს ერთი, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია ორიც, სამამდე ნებადართულია ნათლიად პატრიარქის დადგომის შემთხვევაში - ზრდასრული ადამიანის ნათლობისას კი ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის" - წერია სინოდის განჩინებაში.

საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, იზრდება ყველა სფეროს დაფინანსება. მომავალი წლიდან მომიმატებს საჯარო მოხელეთა ხელფასები, პენსიები, შემწეობები და დახმარებები. 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს. პროგრამა მოიცავს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის ქრონიკულ დაავადებებს.

კარდიომაგნილი, აზიმაკი, ამოქსიცილინი, ბისეფტოლი, ენა-პრილინი, ლევომიკოლი, დიაბეტონი, სალბუტამოლი, მედროლი- ეს იმ მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც პირველი იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები უფასოდ მიიღებენ - ჯამში საუბარია 107 სახეობის მედიკამენტზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი იანვრიდან პენსიები გაიზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 50 ლარით გაზრდილ პენსიას - 415 ლარს აიღებენ. ამავე კატეგორიის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია 500 ლარი გახდება. 70 წლამდე პირთა პენსია კი 315 ლარი იქნება.

2024 წლიდან ანაზღაურება გაეზრდება პედაგოგობებსაც. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. მომავალი წლიდან 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასებიც.

დღის ამბები