08 სექტემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ენმ-ში შიდაპარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა - ლევან ხაბეიშვილი დღეს ნიკა მელიას საჯაროდ დაემუქრა პარტიიდან გარიცხვით

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვით, დღეს, პირველად საჯაროდ დაემუქრა. მოქმედმა თავმჯდომარემ წინამორბედს უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაზიანების უფლებას აღარ მისცემს, დრო ამოიწურა და მისი პარტიიდან გაშვების გადაწყვეტილება აღარ გადაიხედება.

მოქმედი თავმჯდომარის მუქარას ყოფილმა მალევე უპასუხა. ნიკა მელიას თქმით, ლევან ხაბეიშვილი მდგომარეობიდანაა გამოსული. პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ხაბეიშვილს ურჩევს, ჩრდილოვანი მმართველების დირექტივების შესრულების ნაცვლად, პარტიის გადარჩენაზე იზრუნოს.

ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების მორიგი დაპირისპირება, სააკაშვილის ბოლო განცხადებებს მოჰყვა. ექსპრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკოს წევრებს, პარტიის დატოვება ჯერ სასამართლო პროცესიდან ურჩია, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ გზავნილის ადრესატი ნიკა მელია არ იყო.

ექსპრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, ნიკა მელიას თანამოაზრეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილი, ხაბეიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა, პარტიის გადარჩენის ერთადერთ გზას კი, ახალი სახეებით ჩანაცვლებაში ხედავს. ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი ამბობს, რომ მოქმედ მენეჯერს მალე სახლში წასვლა მოუწევს, რადგან ჩრდილოვანი მმართველები ფსონს, მასზე აღარ დადებენ.

სააკაშვილის გზავნილებს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები მოჰყვა თავად ხაბეიშვილის გუნდში. ნაწილი ხელს ისევ ნიკა მელიასკენ იშვერს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბოლო განცხადებით, ბოლო გაფრთხილება მისცა, ნაწილი კი, მიხეილ სააკაშვილისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ბრძოლის ყველა რესურსი ამოწურა, სააკაშვილის გუნდში მუდმივმა დაპირისპირებამ კი, პარტია ჩამოშალა, რაც, უმრავლესობის შეფასებით, მხოლოდ სასარგებლოა.

დღის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ექსპრეზიდენტი კლინიკა "ვივამედიდან" ირწმუნება, რომ ცდება ყველა, ვინც პირადი მიზნებისთვის მის დავრდომილ ადამიანად წარმოჩენას ცდილობს.

დღის ამბები