08 სექტემბერი 2024,   03:31
ვრცლად
დაპირისპირება გახარიას პარტიაში - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელებს იძულებასა და შანტაჟში სდებს ბრალს

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელებს იძულებასა და შანტაჟში სდებს ბრალს. ნატალია ძიძიგურის თქმით, პარტიიდან იმის გამო გარიცხეს, რომ ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" ალიანსს მხარს არ უჭერდა და საკუთარი უარით ხელი შეუშალა ფრაქციის შექმნას. ძიძიგური კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასახელებს, რომლებიც მისი განცხადებით, სწორედ გახარიას თანხმობით მასაზე ზეწოლას ახდენდნენ.

ადრესატი ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ყოფილ თანამოაზრეებს სამართლებრივად უპასუხოს.

გახარიას გუნდში დღეს ყველამ ერთი და იმავე გზავნილით უპასუხა გუნდიდან გარიცხულს და ნატალია ძიძიგურს სუს-ის მიერ ჩანერგილი უწოდა.

გახარიას გუნდიდან გარიცხული ძიძიგური ცილისწამებისთვის სამართლებრივ რეაგირებას არ გამორიცხავს და, იქვე, უფრო მძიმე ბრალდებებს აჟღერებს. ის ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრებითაც აშანტაჟებდნენ. ძიძიგურის თქმით, გახარიების, ხაბეიშვილისა და ხაზარაძის გუნდების გაერთიანების შემთხვევაში, ფრაქციის თავმჯდომარე მისივე თანაპარტიელი აკაკი გვიანაძე უნდა გამხდარიყო. სწორედ გვიანაძეს სდებს ბრალს ძიძიგური მუქარასა და შანტაჟში. გვიანაძე ბრალდებებს უარყოფს.

გახარიას გუნდთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავს ”ლელო”-ბათუმის საკრებულოში ადასტურებენ, რომ "საქართველოსთვის" და "ლელოს" საერთო ფრაქციის შექმნაზე საუბარი ჰქონდათ და ალიანსზე შეთანხმების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება პარტიებისთვის პოლიტიკურთან ერთად მატერიალური სარგებლის მომტანიც იქნებოდა. ”ნაციონალურ მოძრაობაში” კი ყველანაირი ალიანსის მცდელობა უარყვეს.

გიორგი გახარიას გუნდში დაპირისპირება, არ უკვირთ მმართველ პარტიაში . ”ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.

ბოლო დღეების განმავლობაში, პარტია "საქართველოსთვის" ორმა წევრმა დატოვა. პარასკევს გიორგი გახარიას გუნდიდან გია ცეცხლაძე გავიდა. ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზეზად ”ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკური ალიანსი სახელდებოდა.

დღის ამბები